ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის საველე ოფისისი ორგანიზებით მეწარმე ქალთა საზაფხულო ბაზრობა გაიმართა.
ბაზრობაზე, რომელიც გორის თეატრის სკვერში იყო მოწყობილი, წარმოდგენილი იყო შიდა ქართლში მცხოვრები მეწარმე ქალების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთები, ტრადიციული საკვები, აქსესუარები და სხვა მრავალფეროვანი პროდუქცია. ღონისძიების მიზანი ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა, ადგილობრივი წარმოების პოპულარიზაცია და საზოგადოებისათვის ადგილობრივი პროდუქციის გაცნობა იყო.
მონაწილეებს შორის იყო „ნიქოზელას“ დამფუძნებელი ელზა ბაციკაძე, რომელიც საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ნიქოზიდანაა. ის უკვე სამი წელია სხვადასხვა ბუნებრივი არომატით: პიტნით, აჯიკით, სვანური მარილითა და თაფლით შეზავებულ ყველს აწარმოებს. ელზა ბაციკაძის თქმით, მსგავსი გამოფენები სოფლად მცხოვრები ქალებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მათ საკუთარი პროდუქციის პოპულარიზაციის, ახალი კონტაქტების დამყარებისა და ახალი იდეების მიღების შესაძლებლობას აძლევს.
ბაზრობაზე საკუთარი პროდუქცია წარადგინა „ეკო კალათის“ დამფუძნებელმა ლალი ომაძემაც. იგი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფხვენისიდანაა და სხვადასხვა სახეობის ჩირსა და იმერულ ყველს აწარმოებს. ლალი ომაძის თქმით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებში უკვე ხუთი წელია აქტიურად მონაწილეობს და მსგავსი ინიციატივები ადგილობრივ მეწარმეებს განვითარების, გამოცდილების გაზიარებისა და საკუთარი საქმიანობის გაფართოების შესაძლებლობას აძლევს.